კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსის ჩატარების წესი

საქართველოს მოქალაქეთა პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით, რომლის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სამინისტროში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში კონკურსის ჩატარების წესები დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 ბრძანებით ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ.''

სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის და მის ორგანიზებას, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით, უზრუნველყოფენ მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები. კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილია სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურული საკითხები. კერძოდ, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ბრძანება ითვალისწინებს ასევე კომისიის წევრის მიერ თავისი განსხვავებული აზრის ოქმში დაფიქსირებას. 

კონკურსის ობიექტურად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვრება სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრის ვალდებულება, კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. 

სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას) ვაკანტური ადგილის არსებობა.  სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე.

სპეციალური საკონკურსო კომისია სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას განათავსებს შესაბამისად სამინისტოს ან/და სსიპ-ების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ვაკანტური თანამდებობის დასახელებას, კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ, თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს, თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას, სპეციალური საკონკურსო კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

მინისტრის ბრძანება დეტალურად განსაზღვრავს სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენის წესს. ასევე, სპეციალური კონკურსის ეტაპებს. კონკურსის ეტაპებია:

  • აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • სპეციალური შემოწმება;
  • გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;
  • პოლიციაში მიღება.

კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. გამოგზავნილი აპლიკაციებიდან აირჩევა და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით დამტკიცდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციის გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დასანიშნი კანდიდატების შემთხვევაში - შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.

ამ ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ სპეციალური საკონკურსო კომისია, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის  შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატის სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადის გარეშე პოლიციაში მიღების შესახებ. 

პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს. აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს.

21 წლამდე პირის, წვევამდელის, ასევე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის გამოყენების გარეშე. 

ზემოაღნიშნული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა.

თუ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი.

 დაბეჭდვა